დიდი ლომისა

დიდი ლომისა

მკითხველის საყურადღებოდ

თვითოეულ თქვენთაგანს შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ.ფოსტით, გამოგვიგზავნოთ თქვენი ნარკვევი, ფოტო ან კომენტარი დადოთ პირდაპირ საიტზე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

27.9.11

300 არაგველის ხსებენის დღე - 2011 წლის 24 სექტემბერი

... წმინდანო მოწამენო კრწანისელნო...

2011 წლის 24 სექტემბერს, წმ. მოწამე 300 არაგველისა და კრწანისის ომში საქართველოსთვის შეწირული სასულიერო და საერო პირების ხსენების დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კრწანისში, 300 არაგველის ძეგლთან სავედრებელი პარაკლისი აღავლინა. ილია მეორე 300 არაგველის მემორიალთან არაგველების და ერეკლე მეფის შთამომავლები დალოცა. გაიმართა თეატრალიზებული წარმოდგენაც. როგორც ცნობილია, „ბურდულების საგვარეულო კავშირი“-ს თაოსნობით 2010 წელს დაიწერა 300 არგველის ხატი (ხატმწერი - შოთა ცინცაძე) და იგივე წელს წმინდანების ხსენბას მიძღვნილ პარაკლისზე და ხათის კურთხევის ცერემონიას ბურდულებმა დასწრება სთხოვეს მეფე ერეკლე მეორეს შთამომავალს, ბაგრატიონების სამეფო სახლის მეთაურს ბატონიშვილ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის და სამეფო სახლის კანცლერ კახა ქორიძეს.

წელსაც კრწანისში წმინდანთა პატივსაცემად, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ბრძოლის ველზე გზა გაუკაფეს ქართლ-კახეთის მეფეს, ერეკლე მეორეს, მისი შთამომავალი ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი და კანცლერი ბატონი კახა ქორიძე 300 არაგველების შთამომავლებთან გვერდით მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ღონისძიების მონაწილენი გახლდათ: საგვარეულო კავშირები, სრულიად საქართველოს საგვარეულოთა კავშირი - „ გვარი და გვარიშვილობა“, თავადაზნაურთა საკრებულო, ჩოხოსანთა საზოგადოება და 300 არაგველის სახელობის სკოლის მოსწავლეები. ფოტომასალის ავტორები: ლევან ბურდული, ნანი ბურდული, ნათელა მძელური

ფილმი “300 არაგველი”-ს ავტორი: გელა ბორაშვილი ( იხილავთ გვერდის ბოლოს)

ბურდულების საგვარეულო კავშირი“ს გამგეობის თავმჯდომარე ელგუჯა ბურდული ბურდულებთან ერთად საგვარეულო ბაირაღის ქვეშ

*********************************************************************************
დღის ფოტოქრონიკა
******************************************************************************* **********************************************************************************
ბურდულნი - ხატისმტვირთველნი!!!
ნანი ბურდული - „ბურდულების საგვარეულო კავშირი“
ლევან ფრუიძე - სრულიად საქართველოს საგვარეულოთა კავშირი - „ გვარი და გვარიშვილობა“ ლექსო ნაზღაიძე - სრულიად საქართველოს საგვარეულოთა კავშირი - „ გვარი და გვარიშვილობა“
ნათელა მძელური
************************************************************************************

ბურდულების საგვარეულო კავშირი“-ს თხოვნით კრწანისში მოწამენი 300 არაგველი წმინდანების ხსენბას მიძღვნილ პარაკლისს დაესწრო ერეკლე მეორეს შთამომავალი, საქართველოს სამეფო სახლის მეთაური ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი და სამეფო სახლის კანცლერი კახა ქორიძე.

*********************************************************************************
ქეთი ბურდული - „ბურდულების საგვარეულო კავშირი“-ს გამგეობის თავმჯდომარეს მოადგილე
VIDEO- ფილმი “300 არაგველი”-ს ავტორი: გელა ბორაშვილი 300-aragveli di gelagti

12.9.11

ბურდულების საგვარეულო კავშირი Facebook-ზეა!

ბურდულების საგვარეულო კავშირი Facebook-ზეა! მოგვძებნეთ და შემოგვიერთიდ! 2011 წლის 12 სექტემბერს - ამ ჯგუფში ვირიცხებით 252 ბურდული! რამდენი ვყოფილვართ!

8.8.11

გვარის რჩეულთა დარბაზის დაფუძნება

ავთანდილ არაბული

საქართველოს საგვარეულოთა კავშირის

თავჯდომარე

თქვენო უწმინდესობავ, მეუფენო და მღვდელმთავარნო,

დღეს აქ, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში განსაკუთრებული შეხვედრაა, თქვენი უწმინდესობის კურთხევით ასე ერთობლივ, პირველად შეიკრიბნენ საქართველოს გვართა წინამძღოლები.

შეუძლებელია დღევანდელმა შეკრებამ ამაღლებული ასოციაცია არ გამოიწვიოს. მე ამან „ბახტრიონის“ ყველაზე გამორჩეული ადგილი გამახსენა. ჩარგლელი გენიოსი დიად წამად სახავს ქართველთა ერთპირად და ერთსულად შეკრებას ლაშარის გორზე:

თითოს ხევს არაგვისასა თან მოსდევს ლაშქრის ღვარია.

ფშავლის შვილებიც მოიდენ, სულთქმა თან მოჰყვა ჩქარია.

რა საამური დრო არის, რა საამური წამია! „

დიახ, პოეტი ერთადერთხელ აღნიშნავს წამის სიდიადეს და ეს წამი, არა გმირთა თავდადებას, არა თავად გამარჯვებას, არამედ ქართველთა გაერთიანებას უკავშირდება. შემოქმედმა იცის, რომ მამულიშვილთა ერთიანობა - ეს უკვე გამარჯვებაა!

ისიც ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული ერთიანობა ლაშარის დროშის ქვეშ სწორედ თემებად და გვარებად არის წარმოდგენილი. ლაშარის გორისკენ დაძრულან, პოეტის თქმით: სუბელქაურნი, ჭინჭარაულნი, ხოშარაულნი, აფხუშელები, მათურაულნი, მახინცაურნი, ცაბაურ-გაბიდოურნი.

თუ არა ქართველმა, სხვამ ვინ გამოსცადა უკეთ, რომ გვარი ყველაზე გამძლე ისტორიული კატეგორიაა. ყველანაირ იმპერიულ, ეროვნული მეობის წამშლელ პროცესებსა და ზრახვებთან გასამკლავებლად.

და დღესაც, როდესაც თვითმყობადობას და პიროვნების თავისუფლების დროშით მსოფლიო მოქალაქეობის კონტურებ-წაშლილი ინდივიდუალობა საიდენტიფიკაციო კოდამდე თუ ნორმამდე დაჰყავს. გვარი, კვლავაც ყველაზე ძლიერი არგუმენტია ადამიანის ისტორიული ცნობიერების დაშლის საპირისპიროდ.

გვარი - ყველაზე მკვიდრი ციხე-სიმაგრეა თანამედროვე ცივილიზაციას ნაზიარები პიროვნების თავდასაცავად. გვარი, ის ისტორიული კატეგორიაა, რომელთანაც დაკავშირებულია წარუვალი მატერიალური და სულიერი ფასეულობები, რომლებიც ერთიანად ქმნის ერის, ეროვნული სახელმწიფოს არსს.

გვარი ის გამძლე ჯაჭვია, რომელიც ხელს არ უშლის ადამიანს ძალზე შორს წავიდეს თავის საქმიანობასა და აზროვნებაში, მაგრამ, ამავე დროს, მტკიცედ უჭირავს, რომ ფესვებს არ მოწყდეს და ათასგვარ განსაცდელს არ ემსხვერპლოს.

გვარი ყველაზე ჯანსაღი ისტორიული ერთობაა, რომელიც ინდივიდს არ აძლევს უფლებას, თავისუფლება თვითნებობად გაიგოს, ეროვნული ღირებულებები დაივიწყოს, ზნეობრივად განურჩეველი, ურწმუნო და ნიჰილისტი გახდეს.

გვარი, გვართ კავშირი ის უცვეთი ჯაჭვის პერანგია, რომელიც ყველაზე პირდაპირ, ყველაზე ბუნებრივად და უპოლიტიკოდ გამოხატავს ერის შინაგან ერთობას.

ერის სულიერი ერთობის აღზრდა ხომ ჩვენი სამოციქულო ეკლესიის, მისი მწყემსმთავრის უმთავრესი ყოველჟამიერი ამოცანაა.

ეს არის ისტორიული სიბრძნე, რომელიც ჩვენმა მტრებმა, კარგად იცოდნენ: „ერთობა ჩვენთვის ტახტია, მტრებისთვის სახრჩობელაო“ - ამბობდა პოეტი.

დავით გურამიშვილი ქვეყნის უბედობას, ღვთისწყრომის მთავარ მიზეზად ძმათა გათიშულობასა და ქიშპს ასახელებს.

წმინდა ილია მართალი გამუდმებით გოდებს ამას, რომ ქართველებს არსებობის საერთო ასრი და საგანი ვერ უპოვიათ, ანდა „ერთი საქმისთვის გაუღვიძნიათ და ერთმანეთს კი არ ენდობიან“.

ჩვენი ქვეყნის, ყოველთა ქართველთა სულიერი წინამძღოლი ყოველ ქადაგებაში გვისახავს ეროვნული ერთობის, ურთიერთგატანისა და გატანის ქრისტიანულ გზას.

იგი, ერთი მხრივ, შეგირდებრივ გვიმარტივებს ამ საღვთო ჭეშმარიტებას: „ზოგჯერ, როცა ორი ადამიანი კამათობს, ერთმანეთისთვის ჭეშმარიტების დამტკიცება სურთ და, თუ ერთი მათგანი მკაცრად უმტკიცებს მეორეს სიმართლეს, შედეგი ყოველთვის ცუდია - იგი კარგავს იმ ადამიანს. აბა, რად გინდა ესეთი სიმართლე, თუკი შენ დაკარგავ ადამიანს, თუ სიყვარული და ურთიერთგაგება აღარ იქნება თქვენს შორის“.

მეორე მხრივ, რამდენჯერ უბრუნდება ისეთ ურთულეს ფენომენს, როგორიც სინერგიის კანონია, და ამით უფლისა და ადამიანის ნების თანხმობის აუცილებლობაზე მიგვანიშნებს.

მესამე მხრივ, თითქმის ყოველ კვირა დღეს უკეთ ორგანიზებულ ქართულ გვარებს გზას ულოცავს საქვეყნო ქველი საქმეების საკეთებლად და საკუთარი კალთის ქვეშ იფარავს ამ მოძრაობასაც, რომელსაც გვართა წინამძღოლები წარმოადგენთ.

ამაშია ამ მოძრაობის ძალა და მომავალი.

მინდა გასული საუკუნის ერთი სურათი აღგიდგინოთ:

ვინც საქართველოში დარიალის გზით(ილიას გზით, ყაზბეგის გზით) შემოდიოდა, სიონთან ახლოს, გზის დამცავ უზარმაზარ ლოდებზე აუცილებლად წაიკითხავდა თეთრი საღებავით დაწერილს: „გახსოვდეთ, ვისი გორისა ხართ“.

ეს ანდერძი, რომელიც ქართველს მარადმღვიძარე სინდისმა, ალექსანდრე ყაზბეგმა, მშობლიურ ხალხს დაუტოვა, არა მხოლოდ ლოდებზე, ყოველ ადამიანს გულის ფიცარზე ეწერა.

ამას აკეთებდა სკოლა, ამას აკეთებდა ოჯახი, ამას აკეთებდა გვარი!

ეს არის, ბატონებო, საგვარეულო მოძრაობის თავი და ბოლო და ეს გახლავთ დევიზი იმ წიგნისა, რომლის წარდგენაც სწორედ დღეს მოხდება.

მე კი, სანამ სიტყვას გადავცემდე, მინდა ჩემი წილი პატივისცემა მივაგო ქართული საგვარეულო მოძრაობის ღირსეულ წინამძღოლს, საგვარეულო კავშირის საპატიო თავჯდომარეს, ღვაწლმოსილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, ბატონ ლევან ფრუიძეს. თუ არა მისი ცოდნა და გამოცდილება, შეიძლება ამ მოძრაობას სხვა არაერთი წამოწყების ბედი გაეზიარებინა! 80-იანი წლების დასაწყისიდან მოკიდებული, იგი, რაჭული სიდინჯითა და დაჟინებით ამკვიდრებდა აზრს, რომ სწორედ ეს არის ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობა, საქმიანი, საგნობრივი, არაანგაჟირებული. ბატონებო, თითქმის ყველანი ჩვენ ამ მოძრაობაში ბატონმა ლევანმა ჩაგვაბა, ზოგმა გავუმართლეთ, ზოგმა - არა, მაგრამ ჩვენ ყველას გაგვიმართლა!

ნება მომეცით, პირველ რიგში მას მივულოცო დღევანდელი დღე და გადავცე სიტყვა დღევანდელი შეკრების ძირითადი აზრის წარმოსადგენად.

2011 წლის 3 ივლისი

15.6.11

ლომისობას გილოცავთ, ბურდულებო!

წყალობა ხატისა !

19.3.11

საგვარეულო კავშირების წინამძღოლებს და გამგეობის წევრების შეხვედრა

სრულიად საქართველოს საგვარეულოთა კავშირი - "გვარი და გვარიშვილობა", ამა წლის 8 აპრილის 19 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში აწყობს, თუშ- ფშავ- ხევსურების, გუდამაყრელების, მთიულების, და მოხევეების საგვარეულო კავშირების წინამძღოლებს და გამგეობის წევრების შეხვედრას.

ქეთი ბურდული, (ა)იპ „ბურდულების საგვარეულო კავშირი“-ს გამგეობის თავმჯდომარეს მოადგილე

31.1.11

სამების საკათედრო ტაძრის - ხარების ეკლესიაში - 300 არაგველის ხატის პარაკლისი

ძვირფასო არაგველებო,

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით,

ყოველი თვის პირველ კვირადღეს 4 საათზე,

დეკანოზი მამა დიმიტრი (ბურდული),

სამების საკათედრო ტაძრის

ხარების ეკლესიაში,

ჩაატარებს

300 არაგველის ხატის

პარაკლისს.

გთხოვთ მობრძანდეთ

ინტერვიუ ხატმწერ შოთა ცინცაძესთან

სამასი წყვილი გაუტეხელი არწივული

მზერა შეეჭრა ერეკლეს თვალებს

ვფიცავ მეფეს და საქართველოს, ან გავიმარჯვოთ, ან დავიხოცოთ!“

2008 წლის 17 ივნისს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანთა დასში შერაცხა 1795 წელს კრწანისის ომში მომწყდარნი - სამასი არაგველი და სასულიერო და საერო პირები. მათი ხსენების დღედ კი 11(24) სექტემბერი დაწესდა. განუზომელია კრწანისის ომში მომწყდართა ღვაწლი და დამსახურება სამშობლოს წინაშე. ესენი იყვნენ სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი უმამაცეს მთიელ ქართველთა, რომელთა შემწეობითაც ბევრი ბრძოლა მოეგო პატარა კახს. კრწანისის ბრძოლაში „სამასი წყვილი გაუტეხელი არწივული მზერა შეეჭრა ერეკლეს თვალებს. სამასი ვაჟკაცური მკერდი და მხარ-მკლავი ერთ ურყევ-უბზარავ კედლად შეიკრა და სწორედ მაშინ სამასმა ბაგემ ერთად იქუხა, სამასი მკერდიდან აღმოხდა ფიცი, ვაჟკაცური და ლოცვის მაგვარი: „ვფიცავ მეფეს და სამშობლოს, ან გავიმარჯვოთ, ან დავიხოცოთ“.

მიუხედავად თავგანწირული ბრძოლისა, ქართველები დამარცხდნენ. სიკვდილს გადარჩენილმა სამასიოდე ქართველმა მეფის გარშემო სალტე შეკრა და სეიდაბადიდან ბრძოლით უკან დახევა დაიწყო. სათაყვანო გმირსა და საძულველ მტერს შორის გაურღვეველ კლდედ აღიმართნენ უკანასკნელი არაგველნი. „ მათ კვლავაც მრავალნი მოსწყვიტეს სპანი“. ერეკლემ თავისი გუნდით მიაღწია ავლაბრის ხიდს და სწორედ ამ ჟამს სამუდამოდ აღესრულა დილით დადებული წმინდა ფიცი. არაგველები მათგანვე დაჩეხილ მტრის გვამთა გროვაზე ესვენნენ, შორიდან ნატყორცნი გომურებით მკერდშელეწილნი. საშინლად შეძრული მეფე მძლივს გადაიყვანეს ხიდზე და ძალით გაატარეს იმ გზით, საიდანაც მის დასახსნელად ყველაზე დიდი ქართველი გმირები ჩამოსულიყვნენ, საარაგვოსკენ. კრწანისის ბრძოლა დამთავრდა. ჯერ კიდევ კვნესოდა კრწანისის ველი, მტერ-მოყვარის გვამებით დახერგილი და დამძიმებული. მათ შორის იყო სამასი არაგველი - წმინდა და ღვთაებრივი გმირები. ასე პატიოსნად და წრფელად მოკვდნენ ისინი, რათა სამარადჟამოდ უკვდავნი ყოფილიყვნენ.

ზუსტად 215 წლის შემდეგ ხატმწერმა შოთა ცინცაძემ შექმნა 300 არაგველის ხატი. მისი დაწერის იდეა ბურდულებს ეკუთვნით. უშუალო იდეატორი გახლავთ „ბურდულების საგვარეულო კავშირის“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ქეთი ბურდული. ხატის შექმნაში დიდი ღვაწლი მიუძღვით ასევე სხვადასხვა გვარების წარმომადგენლებს, მთიულ-მოხევეების, არაგველების შთამომავლებს: ბუჩუკურებს, აფციაურებს, ბექაურებს, დიდებაშვილებს, ყველაიძეებს, ჩანადირებს, გოგოლაძეებს, წიკლაურებს, მძელურებს, მიყორაშვილებს, ზაქაიძეებს, ქავთარაძეებს...

ხატმწერ შოთა ცინცაძეს საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. მას შექმნილი აქვს არაერთი წმინდანის ხატი: ასი ათასი ქართველი მოწამის, ექვსი ათასი გარეჯელი ბერის, ქვათახევის წმინდანების, წმინდა აშოტ კუროპალატის, წმინდა გრიგოლ ხანცთელის, წმინდა ვახტანგ გორგასლის, წმინდ დიდმოწამე შალვა, ბიძინა და ელიზბარის, წმინდა გობრონ-მიქაელის, წმინდა იოანე თორნიკე-ყოფილის, წმინდა შუშანიკის, წმინდა ქეთევან დედოფლის, წმინდა თამარის, წმინდა ამბროსი ხელაიასი...

- შოთა, მანამ ხატზე მუშაობას დაიწყებდი, მანამდე, როგორც ვიცი, ისტორიული მასალების მოძებნაზე იზრუნე, რაც არც ისე იოლი საქმე აღმოჩნდა... როგორ გაართვი ამას თავი?

- ზოგიერთი მასალა ინტერნეტში მოვიძიე, ზოგიც - წიგნებიდან. კრწანისის ბრძოლა შედარებით ახლო წარსულში მოხდა, ამიტომ ხატზე ისეთი, თუნდაც სულ მცირე დეტალის გამოსახვა, რაც არ შეესაბამებოდა იმდროინდელ სინამდვილეს, ვფიქრობ, ძალიან თვალშისაცემი იქნებოდა. ამიტომ ეს მეტისმეტად ფაქიზი და საფრთხილო საქმე აღმოჩნდა. თუნდ ჩაცმულობა ავიღოთ. იმდროინდელი ჩაცმულობა და მეომართა აღკაზმულობა დაახლოებით ცნობილია: ჯაჭვის პერანგები, ფარები და ა. შ. მაგალითად, ერთ-ერთი მეცნიერი წერს, რომ ჩვენი მეომრები კრწანისის ომში ძალიან კარგად იყვნენ აღკაზმულნი. მშვილ-ისრების ნაცვლად უკვე თოფებს იყენებდნენ. ერეკლეს ჰყავდა ძლიერი არტილერია. ჩვენი მეომრები შეიარაღებულნი იყვნენ როგორც ევროპული, ისე რუსული ტიპის ზარბაზნებით და თოფებით.

ხატზე მუშაობა წელიწადნახევრის წინ დავიწყე. მეომართა ჩაცმულობისა და აღკაზმულობის ამსახველი ფოტოები არსებობს. გიორგი გოგოლაძე ძალიან დამეხმარა - ბევრი რამ მომიძებნა.

მეცნიერები დღესაც დავობენ 300 არაგველის წარმოშობის გამო. ასევე გაურკვეველია, თუ რა სოციალურ ფენას ეკუთვნოდნენ ისინი. საგვარეულო მოძრაობის თავჯდომარემ, ბატონმა ლექსო ნაზღაიძემ დიდი სამსახური გამიწია მასალების მოძიების საქმეში. ის თვლის და მეც ვეთანხმები, რომ არაგველები უსათუოდ იქნებოდნენ რეგულარული ჯარის წარმომადგენლები. ანუ ისინი საბრძოლო ხელოვნებაში გაწვრთნილ-გაწაფული მეომრები იყვნენ. ამიტომაც შევიდნენ ფაქტობრივად წაგებულ ომში და თავიც გასწირეს. სამწუხაროდ მათი გვარები უცნობია. ესეც ჩვენი დაუდევრობისა და უდარდელობის შედეგია. განა ასეთი დიდი დრო გავიდა კრწანისის ტრაგედიიდან?! თავის დროზე ხომ უნდა დაწერილიყო, დაფიქსირებულიყო არაგველების გვარ-სახელები, რათა თაობებისათვის ცნობილი ყოფილიყვნენ ისინი. გმირებს დაფასება უნდა და ეს, უპირველესად, ქმედებით უნდა გამოიხატოს და არა გრძელი სადღეგრძელოებით.

­_ როგორც ცნობილია, თბილისის მერიას წმინდა სინოდმა სთხოვა, საპატრიარქოსთან შეთანხმებით, ეზრუნა კრწანისის ველის, როგორც თავდადების ადგილის, სათანადო მოწყობაზე. ამ ადგილთან დაკავშირებით ერთ დროს უთანხმოებასაც ჰქონდა ადგილი...

_ საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამ ძველ ისტორიულ ტერიტორიაზე, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის გვერდით კერძო პირი აპირებდა თანამედროვე ტიპის სასტუმროს აშენებას. მრევლის პროტესტის მიუხედავად, ვერაფრით აჩერებდნენ ამ მშენებლობას. ტაძრის წინამძღვარი, ბესარიონ მენაბდე იტყოდა ხოლმე, რამდენჯერაც ტაძარში შევდივარ, იმდენჯერ თითქოს გულში ხანჯალი მესობაო. შემდეგ ბატონმა იულიონ გაგოშიძემ, რომელიც წმ. ნიკოლოზის ტაძრის მრევლი გახლავთ, ამ ტერიტორიაზე ძვლებს მიაგნო, რამაც უდიდესი როლი ითამაშა, საქმის სასიკეთოდ შემობრუნებაში - სასტუმროს მშენებლობა შეჩერდა. მახსოვს, ამ დროს ქალბატონმა მარიამ ყიფიანმა ხატოვნად თქვა: ყველანაირი ადამიანური ძალა რომ ამოგვეწურა, არაგველებმა ამ დროს თავიანთი ძვლები გააშიშვლეს და თავი ასე დაიცვესო.

_ იქნებ ერთხელ კიდევ თვალი გადავავლოთ ჩვენს არცთუ შორეულ ისტორიას. რა მოხდა ამ ადგილას 215 წლის წინ?

_ ორასი წლის წინ სპარსეთის ხელმწიფემ მოსთხოვა მეფე ერეკლეს, ეცნო ის მეფეთა მეფედ და ხარკი ეძლია. მეფე ერეკლემ ცივი უარი შეუთვალა. სპარსეთის ხელმწიფემ შეკრიბა დიდძალი ჯარი და სასწრაფოდ მოადგა თბილისს. მეფე ერეკლემ მხოლოდ მცირერიცხოვანი სპის მოგროვება შესძლო. სპარსელები რიცხობრივად ბევრად მეტნი იყვნენ ქართველებზე. ქართველთა ჯარში იყო ერთი რაზმი, რომელიც შედგებოდა სამასი ფშავ-ხევსურისა და არაგვისპირელი გლეხისაგან.

ომის დაწყების წინ რაზმის მეომრებმა შეჰფიცეს ერთმანეთს: „თუ ბედმა გვიღალატა და ვერ დავსძლიეთ მტრის ძალა, შერცხვენილ იყოს, ვინც ჩვენგანი ცოცხალი თავით შინ დაბრუნდესო: ან გამარჯვება მტერზე, ან სიკვდილი ბრძოლის ველზეო“. ეს ვაჟკაცური ფიცი, მათ ვაჟკაცურადვე შეასრულეს, როცა ურიცხვმა სპარსელმა სძლია ქართულ ჯარს, არც ერთმა რაზმელმა მტერს ზურგი არ უჩვენა, არ შეუშინდა სიკვდლს, ყველანი ებრძოდნენ მტერს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და თავისი გმირული სული ყველამ ბრძოლის ველზე დალია.

ისტორიკოს თემურ პეტრიაშვილს აქვს საგულისხმო მასალა ამასთან დაკავშირებით, თუ რა საბრძოლო სტრატეგიული გეგმები არსებობდა კრწანისის ბრძოლაში. თურმე ერთ-ერთი გეგმა ითვალისწინებდა აღა- მაჰმად- ხანის ქალაქის გარეთ დახვედრას და ბრძოლის იქ გამართვას. ბევრმა ფაქტორმა განაპირობა მარცხი. ჯერ ერთი, რიცხობრივად ძალიან მცირენი ვიყავით, მეორე, ეპიდემიამაც დარია ჯარს ხელი: ამას დაემატა არაოგანიზებულობა, დისციპლინის უქონლობა: რაც ყველაზე საშინელია - ღალატი და ტყუილი. რა თქმა უნდა, მომხდარის მერე ადვილია ლაპარაკი. ერეკლეს ფაქტობრივად ხალხი აღარ დარჩა, ხოლო ვინც დარჩა, ყველამ ბოლომდე შეაკლა მტერს თავი. ერეკლე ამ ხატზე შარავანდედით არ გამომიხატავს, რადგან, როგორც ვიცით, იგი წმინდანად შერაცხული ჯერ არ არის, მაგრამ განუზომელია მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე. ხატზე არაგველები მტკიცე ზღუდედ წინ უდგანან მეფეს.

_ თუ შეიძლება დაგვიკონკრეტეთ, რა არის გამოხატული ამ ხატზე?

_ შევეცადე, გეოგრაფიულადაც ზუსტად ყოფილიყო ხატზე ყველაფერი გამოსახული. მარცხნივ, ზემოთ სჩანს ნარიყალა თავისი ზღუდით, გალავნით. იქ მეზარბაზნეები დგანან, რომლებიც სულ ბოლოს ჩაერთნენ ბრძოლაში და თავი დადეს. ერთ-ერთის სახელიც კია ცნობილი - აღანუა. თუმცა გაურკვეველია მისი ეროვნება. მარჯვენა მხარეს მოჩანს მეტეხის ხიდი. მაშინ უკვე არსებობდა ხის ხიდი. ამ ხიდზე აწამეს როგორც ქართველი, ასევე სომეხი მღვდლები და მათთან ერთად საერო პირებიც, ყველას ხელ-ფეხი შეუკრეს და მტკვარში დაახრჩვეს. იმ დროს სპარსელებმა ქვათახევიდან ჩამოაბრძანეს წმონდა ევსტათის წმინდა მაწილები და ხალხს უბრძანეს, ფეხით გაეთელათ ისინი. დაახლოებით იგივე განმეორდა, რაც ჯალალ-ედინის დროს, როდესაც ასი ათასმა მოწამემ არ იკადრა ხატების შეურაცყოფა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართველებთან ერთად სომხებმაც არ იკადრეს ამ უმსგავსო საქმის გაკეთება და სპარსელებმა ისინიც სასიკვდილოდ გაიმეტეს. სხვათა შორის, როდესაც აღა- მაჰმად- ხანის რაზმი თბილისში შემოვიდა, 200-მა აზერბაიჯანელმა თავი დადო ჩვენი ქვეყნისთვის. ისინი ერეკლეს მხარეზე იბრძოდნენ. მათზე უფრო სასტიკად ნადირობდნენ სპარსელები და მოღალატეებს წამების უკიდურესი ფორმებით უსწორდებოდნენ. ეს დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე არ უნდა დავუკარგოთ მათ. ცნობილია, რომ მოხუცი მეფე ერეკლე მძლივს გამოიყვანეს ბრძოლის ველიდან. გამძაფრებული ბრძოლის დროს ჩვენი ჯარისკაცები შეიჭრნენ შუაგულ მტრის ბანაკში და შიშველი ხელებით დროშები გადაუმტვრიეს მათ. ხატზე ჩანს დახეული და გადამტვრეული დროშები. აღა- მაჰმად- ხანი განცვიფრებული იყო ქართველთა თავგანწირვით. იგი არ მოელოდა ამხელა წინააღმდეგობის გაწევას ამ ერთი მუჭა, მცირერიცხოვანი ხალხისაგან. ამბობდნენ, უკან გაბრუნებასაც აპირებდაო, მაგრამ ღალატით მოახსენეს ქართველთა ჯარის სიმცირის შესახებ და ბრძოლის ბედიც ამიტომ შემოტრიალდა ჩვენდა სავალალოდ. სხვათა შორის, დროშას იმხელა სიმბოლური დატვირთვა აქვს, მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს დროშა რომ მოგეპარა, დივიზია უქმდებოდა. აქედან ცხადია, თუ რა ზიანი მიაყენეს ქართველებმა მტერს დროშის დახევით კრწანისის ომში. ხატზე გამოსახულნი არიან მეტეხის ხიდზე წამებული წმინდანები, როგორც სამღვდელო, ისე საერო პირები. გალავანს იქით ძველი თბილისის მონაკვეთიც ჩანს, რომელსაც ჩვენი ჯარი იცავდა. აქვე ჩანს თაბორის ქედი ანუ ფერდი, სადაც ჩვენი არტილერია იყო განლაგებული. აქ არიან გამოსახულნი გაბრიელ მაიორი და გურამ გურამიშვილი, რომელთაც თავი დადეს ამ ბრძოლაში. გურამიშვილმა მარტომ, მცირე რაზმით გადაწყვიტა ეომა: „მამულისათვის და კარგი მეფისათვის სახელოვანი სიკვდილი სჯობს უნამუსო სირცხვილს, სამი თითით ყველამ მიწა ავიღოთ და შევჭამოთ. ეს იყოს წმინდა ზიარების საიდუმლოს მაგიერ. საიქიოს სახელოვნად წარვდგეთ, როდესაც აუცილებელი სიკვდილი მოსულა ჩვენზედაო“. გურამიშვილი ზარბაზანს გადაეფარა ამ სიტყვებით: „ღმერთო, ოღონდ მეფე ერეკლე მშვიდობით გაიყვანე ამ საშინელებისგან და მე მამულის ჭირის სანაცვლოდ ვიყოო“. ასე გავიდა ამ ქვეყნიდან „სიკვდილს შეუშინებელი, მამულის მოყვარული, მეფის ერთგული, თავისი ვალის აღმასრულებელი, რიგის დამცველი, სრული პატიოსანი და სულით დიდი კეთილშობილი.“ აქ არიან გამოსახული ჩვენი გმირები, მეზარბაზნეები. ამ ადამიანთა სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში. ცენტრში დგას სამასი არაგველი. მარჯვენა მხარეს, ქვემოთ ჩამოდის მტკვარი. ქვემოთ არის გამოსახული აღა-მაჰმად-ხანი, ფეხით დათრგუნული. სხვათაშორის, შემორჩენილია მისი პორტრეტი, რომლის იხედვითაც დავხატე მისი სახე. ზემთ არის გამსახული მაჩაბელა, ზუსტად არავინ იცის ამ ადამიანის სახელი და გვარი. ეს ის კაცია, რომელზეც ლადო ასათიანი წერს: „ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი“. იგი თურმე თეატრის მსახიობი ყოფილა. ქართველ მსახიობებთან ერთად გაგანია ბრძოლის ველზე „შადიანს“ მღეროდა დაირით ხელში. ეს გახლდათ სადღესასწაულო სიმღერა და ამ შემართული სიმღერით ამხნევებდა ჩვენს ჯარს მაჩაბელა. ბოლომდე იდგა ბრძოლოს ველზე და თავი შესწირა სამშობლოს სიყვარულს.. ზუსტად ამ სახით, დაირით ხელში არის გამოხატული ხატზე. მინდა ვთქვა, ეს ომი მაინც ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა, ამიტომაც აღა-მაჰნად-ხანი დათრგუნულია გამოსახული. ზნეობრივად მან ომი წააგო. ისედაც, ხომ ვიცით, რომ დიდხანს არ გაჩერებულა ჩვენს ქვეყანაში. აღასრულა თავისი საშინელი საქმე და გაბრუნდა უკან. ისევ აპირებდა მობრუნებას და საქართველოს მოოხრებას, მაგრამ გზაში გამოესალმა სიცოცხლეს.

_ შენ ყოველთვის უფრო ქართველი წმინდანების ხატების დაწერას ეშურები... თანაც მასშტაბური ხატებისას. ამჯერად რომელი ხატის დაწერა გაქვს გადაწყვეტილი და რაზე მუშაობ?

_ როდესაც მოდიან ხატის შესაკვეთად და ჯერ არა აქვთ გადაწყვეტილი, რომელი წმინდანის ხატი შესწირონ ეკლესიას, ვცდილობ, ქართველი წმინდანების ხატის დაწერა ვურჩიო. სულ პირველად 6000 წამებული გარეჯელი ბერის ხატი დავწერე, რომელიც გარეჯში არის დაბრძანებული. მერე ამას მოჰყვა 100000 ქართველი მოწამის ხატი (დღეს მეტეხშია დაბრძანებული), მერე იყო ქვათახევის წამებულ წმინდანთა ხატი(ქვათახევის მონასტერშია დაბრძანებული). იცით, რა აქვთ ამ ხატებს საერთო? არცერთი მდიდარი კაცის შეკვეთით არ არის დაწერილი. მიგეხსენებათ ძალიან ძვირი ჯდება ასეთი მასშტაბური ხატების დაწერა. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ეს ყველაფერი სულ უბრალო ხალხის სახსრებით არის შექმნილი და ამიტომაც ძალიან ფასეულია სახარებისეული ქვრივი დედაკაცის ორი წვლილივით. მაგალითად, როდესაც ასი ათასი მოწამის ხატის დასაწერად ღვთისნიერი ქალბატონი ლალი გიორგაძე შესაწირავი ყუთით თანხას აგროვებდა, მიამბო: თურმე ორი ქალბატონი ერთმანეთში საუბრობდა, მოდი, ამ ყუთში ხურდები ჩავყაროთ და შინ ფეხით წავიდეთ, მათ მხოლოდ შინ დასაბრუნებელი ფული ჰქონდათ და ისიც ყუთში ჩააგდეს.

_ 24 სექტემბერს, 300 არაგველის ხატის ხსენების დღეს, ხატი თბილისში ჩამოაბრძანეთ. სად ბრძანდება ხატი ახლა?

_ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ 300 არაგველის ხატი დაიწერა მათსავე სამშობლოში. იქ, მთაში მაქვს სოფელი, ბულაჩაურის თავზე, ქერიანთკარი ჰქვია. მასალები უკვე შეგროვილი მქონდა, დიდი ფიცარი წავიღე და შევუდექი მუშაობას. თავიდან ბოლომდე იქ დაიწერა ეს ხატი. მიმაჩნია, რომ ეს სიმბოლურის არის. ხატი სვეტიცხოველში იყო დაბრძანებული. ხოლო 24 სექტემბერს, მათი ხსენების წინა დღეს, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში დავაბრძანეთ, კრწანისის ველთან. უწმინდესმა დიდი პარაკლისი გადაიხადა. უამრავი ხალხი ჩამობრძანდა მთიანეთიდან. გვარები, სადროშოები იყვნენ შეკრებილნი. ჩემთვის უდიდესი პატივი გახლდათ ის, რომ თავად პატრიარქმა აკურთხა ეს ხატი. შემდეგ იგი გადააბრძანრს სამების ტაძარში. დღესღეობით ხატი საკურთხეველშია, მალე შუშის ჩარჩოში ჩაისმება და გამობრძანდება დარბაზში.

ამჟამად დავითგარეჯში გაბრწყინებული მამების ხატს ვწერ. ეს ხატი დაბრძანდება წმინდა დავით გარეჯის საფლავთან და ერქმევა დავითგარეჯაში მოღვაწე წმინდა მამების ხატები. ხატის დაწერის ინიციატორი გახლავთ დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილარიონ ჭიღლაძე. ხატი დიდი ზომის უნდა იყოს. მასალები უკვე მოვაგროვე და მალე შევუდგები მუშაობას.

_ ყველაზე მეტად რომელი ხატის დაწერას ისურვებდი?

_ დიდი სურვილი მაქვს, დავწერო აჭარელი წმინდანების ხატი. მინდა, ჩემს დაწერილ ხატებს შორის ეს ყველაზე დიდი ზომის იყოს. მინდა, ამ ხატზე აისახოს ისტორიული ეპიზოდები. ბევრი ფაქტი ცოცხლად არის შემონახული, რადგან იგი გვიანდელ პერიოდს უკავშირდება. ღმერთი ყოველთვის შემეწეოდა, როდესაც რომელიმე წმინდანის ხატის დაწერას მოვისურვებდი - ყოველთვის გამოჩნდებოდა ხოლმე ვინმე ღვთისნიერი. ხატის დაწერა - ეს არის წმინდანისადმი პატივის მიგება, უნდა ვიცოდეთ, ვინ იყვნენ ჩვენი მამა-პაპანი, რა ღვაწლი გასწიეს და შეგვეძლოს მათი დაფასება. ამ ხატის შექმნა ჯერჯერობით ჩემი სურვილია და ვიმედოვნებ, ღვთის წყალობით, გამოჩნდება ადამიანი, ვინც ამ სურვილს ხორცს შეასხამს.

ესაუბრა

ლელა ჩხარტიშვილი

ფაილად აქცია ქეთი ბურდულმა