ავთანდილ არაბული
საქართველოს საგვარეულოთა კავშირის
თავჯდომარე
თქვენო უწმინდესობავ, მეუფენო და მღვდელმთავარნო,
დღეს აქ, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში განსაკუთრებული შეხვედრაა, თქვენი უწმინდესობის კურთხევით ასე ერთობლივ, პირველად შეიკრიბნენ საქართველოს გვართა წინამძღოლები.
შეუძლებელია დღევანდელმა შეკრებამ ამაღლებული ასოციაცია არ გამოიწვიოს. მე ამან „ბახტრიონის“ ყველაზე გამორჩეული ადგილი გამახსენა. ჩარგლელი გენიოსი დიად წამად სახავს ქართველთა ერთპირად და ერთსულად შეკრებას ლაშარის გორზე:
„თითოს ხევს არაგვისასა თან მოსდევს ლაშქრის ღვარია.
ფშავლის შვილებიც მოიდენ, სულთქმა თან მოჰყვა ჩქარია.
რა საამური დრო არის, რა საამური წამია! „
დიახ, პოეტი ერთადერთხელ აღნიშნავს წამის სიდიადეს და ეს წამი, არა გმირთა თავდადებას, არა თავად გამარჯვებას, არამედ ქართველთა გაერთიანებას უკავშირდება. შემოქმედმა იცის, რომ მამულიშვილთა ერთიანობა - ეს უკვე გამარჯვებაა!
ისიც ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული ერთიანობა ლაშარის დროშის ქვეშ სწორედ თემებად და გვარებად არის წარმოდგენილი. ლაშარის გორისკენ დაძრულან, პოეტის თქმით: სუბელქაურნი, ჭინჭარაულნი, ხოშარაულნი, აფხუშელები, მათურაულნი, მახინცაურნი, ცაბაურ-გაბიდოურნი.
თუ არა ქართველმა, სხვამ ვინ გამოსცადა უკეთ, რომ გვარი ყველაზე გამძლე ისტორიული კატეგორიაა. ყველანაირ იმპერიულ, ეროვნული მეობის წამშლელ პროცესებსა და ზრახვებთან გასამკლავებლად.
და დღესაც, როდესაც თვითმყობადობას და პიროვნების თავისუფლების დროშით მსოფლიო მოქალაქეობის კონტურებ-წაშლილი ინდივიდუალობა საიდენტიფიკაციო კოდამდე თუ ნორმამდე დაჰყავს. გვარი, კვლავაც ყველაზე ძლიერი არგუმენტია ადამიანის ისტორიული ცნობიერების დაშლის საპირისპიროდ.
გვარი - ყველაზე მკვიდრი ციხე-სიმაგრეა თანამედროვე ცივილიზაციას ნაზიარები პიროვნების თავდასაცავად. გვარი, ის ისტორიული კატეგორიაა, რომელთანაც დაკავშირებულია წარუვალი მატერიალური და სულიერი ფასეულობები, რომლებიც ერთიანად ქმნის ერის, ეროვნული სახელმწიფოს არსს.
გვარი ის გამძლე ჯაჭვია, რომელიც ხელს არ უშლის ადამიანს ძალზე შორს წავიდეს თავის საქმიანობასა და აზროვნებაში, მაგრამ, ამავე დროს, მტკიცედ უჭირავს, რომ ფესვებს არ მოწყდეს და ათასგვარ განსაცდელს არ ემსხვერპლოს.
გვარი ყველაზე ჯანსაღი ისტორიული ერთობაა, რომელიც ინდივიდს არ აძლევს უფლებას, თავისუფლება თვითნებობად გაიგოს, ეროვნული ღირებულებები დაივიწყოს, ზნეობრივად განურჩეველი, ურწმუნო და ნიჰილისტი გახდეს.
გვარი, გვართ კავშირი ის უცვეთი ჯაჭვის პერანგია, რომელიც ყველაზე პირდაპირ, ყველაზე ბუნებრივად და უპოლიტიკოდ გამოხატავს ერის შინაგან ერთობას.
ერის სულიერი ერთობის აღზრდა ხომ ჩვენი სამოციქულო ეკლესიის, მისი მწყემსმთავრის უმთავრესი ყოველჟამიერი ამოცანაა.
ეს არის ისტორიული სიბრძნე, რომელიც ჩვენმა მტრებმა, კარგად იცოდნენ: „ერთობა ჩვენთვის ტახტია, მტრებისთვის სახრჩობელაო“ - ამბობდა პოეტი.
დავით გურამიშვილი ქვეყნის უბედობას, ღვთისწყრომის მთავარ მიზეზად ძმათა გათიშულობასა და ქიშპს ასახელებს.
წმინდა ილია მართალი გამუდმებით გოდებს ამას, რომ ქართველებს არსებობის საერთო ასრი და საგანი ვერ უპოვიათ, ანდა „ერთი საქმისთვის გაუღვიძნიათ და ერთმანეთს კი არ ენდობიან“.
ჩვენი ქვეყნის, ყოველთა ქართველთა სულიერი წინამძღოლი ყოველ ქადაგებაში გვისახავს ეროვნული ერთობის, ურთიერთგატანისა და გატანის ქრისტიანულ გზას.
იგი, ერთი მხრივ, შეგირდებრივ გვიმარტივებს ამ საღვთო ჭეშმარიტებას: „ზოგჯერ, როცა ორი ადამიანი კამათობს, ერთმანეთისთვის ჭეშმარიტების დამტკიცება სურთ და, თუ ერთი მათგანი მკაცრად უმტკიცებს მეორეს სიმართლეს, შედეგი ყოველთვის ცუდია - იგი კარგავს იმ ადამიანს. აბა, რად გინდა ესეთი სიმართლე, თუკი შენ დაკარგავ ადამიანს, თუ სიყვარული და ურთიერთგაგება აღარ იქნება თქვენს შორის“.
მეორე მხრივ, რამდენჯერ უბრუნდება ისეთ ურთულეს ფენომენს, როგორიც სინერგიის კანონია, და ამით უფლისა და ადამიანის ნების თანხმობის აუცილებლობაზე მიგვანიშნებს.
მესამე მხრივ, თითქმის ყოველ კვირა დღეს უკეთ ორგანიზებულ ქართულ გვარებს გზას ულოცავს საქვეყნო ქველი საქმეების საკეთებლად და საკუთარი კალთის ქვეშ იფარავს ამ მოძრაობასაც, რომელსაც გვართა წინამძღოლები წარმოადგენთ.
ამაშია ამ მოძრაობის ძალა და მომავალი.
მინდა გასული საუკუნის ერთი სურათი აღგიდგინოთ:
ვინც საქართველოში დარიალის გზით(ილიას გზით, ყაზბეგის გზით) შემოდიოდა, სიონთან ახლოს, გზის დამცავ უზარმაზარ ლოდებზე აუცილებლად წაიკითხავდა თეთრი საღებავით დაწერილს: „გახსოვდეთ, ვისი გორისა ხართ“.
ეს ანდერძი, რომელიც ქართველს მარადმღვიძარე სინდისმა, ალექსანდრე ყაზბეგმა, მშობლიურ ხალხს დაუტოვა, არა მხოლოდ ლოდებზე, ყოველ ადამიანს გულის ფიცარზე ეწერა.
ამას აკეთებდა სკოლა, ამას აკეთებდა ოჯახი, ამას აკეთებდა გვარი!
ეს არის, ბატონებო, საგვარეულო მოძრაობის თავი და ბოლო და ეს გახლავთ დევიზი იმ წიგნისა, რომლის წარდგენაც სწორედ დღეს მოხდება.
მე კი, სანამ სიტყვას გადავცემდე, მინდა ჩემი წილი პატივისცემა მივაგო ქართული საგვარეულო მოძრაობის ღირსეულ წინამძღოლს, საგვარეულო კავშირის საპატიო თავჯდომარეს, ღვაწლმოსილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, ბატონ ლევან ფრუიძეს. თუ არა მისი ცოდნა და გამოცდილება, შეიძლება ამ მოძრაობას სხვა არაერთი წამოწყების ბედი გაეზიარებინა! 80-იანი წლების დასაწყისიდან მოკიდებული, იგი, რაჭული სიდინჯითა და დაჟინებით ამკვიდრებდა აზრს, რომ სწორედ ეს არის ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობა, საქმიანი, საგნობრივი, არაანგაჟირებული. ბატონებო, თითქმის ყველანი ჩვენ ამ მოძრაობაში ბატონმა ლევანმა ჩაგვაბა, ზოგმა გავუმართლეთ, ზოგმა - არა, მაგრამ ჩვენ ყველას გაგვიმართლა!
ნება მომეცით, პირველ რიგში მას მივულოცო დღევანდელი დღე და გადავცე სიტყვა დღევანდელი შეკრების ძირითადი აზრის წარმოსადგენად.
2011 წლის 3 ივლისი