მთაზე რომ მოჩანს ირმის ჯოგივით.....
თამაზ ბიბილური
«საფლავის ქვათა ოსტატები, განსხვავებით არქიტექტურულ ძეგლთა ავტორებისგან, თავის თავზე არავითარ მინიშნებას არ ტოვებენ...»
....სახელდობრ ვის? რა გვარ-სახელის კაცს ეპყრა ხელთ „ყრუ“ ქვის მჭრელი რკინის იარაღი ძნელი სათქმელია... - მათგან, ცოტა ვინმეს სახელი შემორჩა ხალხის ხსოვნასო.
«....ძველი მელექსეების დარად საფლავის ქვისმთლელები იუჩინარებენ თავს და ტოვებენ ანონიმურ ნიმუშებს, რომელთა მოხატულობა წრფელ აღფრთოვანებას იწვევს დღევანდელ „დამთვალიერებელში“...
«... ამ ბოლო წლებში ქვის ოსტატთა ასერიგად გაიშვიათებულ ტრადიციას მისდევს და ინახავს მთიულეთის სოფელ არახვეთის მკვიდრი ავთანდილ ბურდული. მას სახელოსნო საკუთარი სახლის ლაფაროში აქვს მოწყობილი. ქვა, როგორც ამბობს, ჯვრის უღელტეხილის საბადოდან ჩამოაქვს. ადგილზე მოჭრილი ლოდების ტრანსპორტირება დღეს დიდ სიძნელეებთან აღარ არის დაკავშირებული. ტექნიკის დახმარებით ადვილად ხერხდება შავი მასალის სოფლამდე მიტანა...
ავთანდილ ბურდულის ნამუშევრები, ძირითადა, მთიულეთისა და გუდამაყრის სოფლების სასაფლაოებზეა დალაგებული... ქვათა უმრავლესობის უმთავრესი მხატვრული დეტალებია ქრისტიანული სარწმუნოების სიმბოლო - ჯვარი და ფეხმოკეცილი ჭედილა. ნაღვარევის, სეფეს, მაქართისა თუ ფასანაურის სამაროვნებზე მოხვედრილი კაცი სხვათაგან იოლად გამოარჩევს არახვეთელი ქვისმთლელის ხელწერას...
ავთანდილის მამა-პაპანიც, გოგა, ვასილ და ილიკო ბურდულები, ამ ხელობის მიმდევარნი ყოფილან. მათი მშვენიერი ნამუშევრების სიმრავლით გამოირჩევა უხმაურო ხევის პირას მდებარე არახვეთის სამაროვანი...
ავთანდილ ბურდული წუხს იმის გამო, რომ მის მონატეშარს ქვასთან «საუბრის» სურვილი აღარ აქვს და ისევე, როგორც ბევრი რამ, ძველი საქართველო მკაფიოდ გამოკვეთილი ეთნოკულტურული ყოფის ეს ერთი სახიერად ზნეობრივი წახნაგიც თანდათან იშლება, ახაფრება და სანთლით საძებარი ხდება ქვითხურო, ვისაც ესმის ყადრი და მნიშვნელობა თავის წინამორბედთა დაუმადლებელი დანატოვარისა...»
მთიულეთში დღეს ავთანდილ ბურდულზე ამბობენ: ჭირისუფალი უამბობსო, როგორი იყო გარდაცლილი წუთუსოფელში და ავთო სწორედ მის შესაფერ საფლავის ქვას კვეთსო....
ოსტატ ავთო ბურდულზე და სხვა მრავალ “უჩინარ“ ოსტატზე მოგვითხრობს არაჩვეულებრივი წიგნი, რომელიც 2008 წლის ლიტერატურული პრემია «საბას» გამარჯვებული გახდა.
წიგნი-ალბომი „შენდობით მომიხსენიეთ“, ამირან არაბულისა და ეთერ თათარაიძის ავტორობით, 2007 წელს, ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრმა გამოსცა.
წიგნის რედაქტორი და მხატვარია თენგიზ მირზაშვილია.
ავტორებმა თავი მოუყარეს და ერთ წიგნში აკინძეს, ბარელიეფებითა და ეპიტაფიებით შემკულ, მხატვრული თვალსაზრისით უნიკალურ, ძველი ქართული მემორიალური კულტურის ნიმუშები - საფლავის ქვები.
როგორც ტალახში ჩავარდნილი მარგალიტს გაწმენდ და მზის შუქზე ელვარებას იწყებს, ისე, ამ საფლავის ქვების ფოტოგამოფენამ, საოცარ შთაბეჭდილება მოახდინა დამთვალიერებელზე და სათანადო შეფასებაც მოჰყვა:
«ღმერთო, ახლაღა მივხვდი, სად იწყებოდა ფიროსმანის უკვდავება, მის ღვთაებრივ სულს, გონებასა და თვალს ასეთი ეროვნული გენიალურობა (მაპატიოს ნიკალამ ეს „ხმამაღალი სიტყვა“) არ გამორჩებოდა.» - წერს შთაბეჭდილებათა წიგნში გივი შახნაზარი.
კიდევ ერთი:
«ძველთაგანვე ულამაზესი დამოკიდებულება ჰქონდა ქართველ კაცს საფლავის ქვასთან, თუ გუთნის დედა იყო, ხარებს გამოჰკვეთავდნენ საფლავის ქვაზე, თუ მწყემსი იყო, ვერძს და, ასე, რა საქმესაც ემსახურებოდა ამ სოფელში. ახლაც უამრავი ასეთი შედევრი - საფლავია შემონახული ძველ სასაფლაოებზე“ - წერს გოდერძი ჩოხელი.
აქვე მისი ფილმი - აღდგომა გამახსენდა... მისი გმირი, საფლავის ქვის მეშვეობით, ახერხებს წინაპრებთან გამოლაპარაკებას, ალბათ იმიტომ რომ საფლავის ქვა, (სამარე) შესვენებულისაც არის და ჭირისუფალისაც, ის სააქაოსიც არის და საიქიოსიც, და არა მარტო ორის... სამ-არე, სამ-აროვანი სიტყვა მეუბნება რომ, აქ უფალიცაა...
«ვინც დაჰკვირვებია, ის შეამჩნევდა, რომ, განგებით თუ შემთხვევით, სასაფლაოს ყოველგან საუკეთესო ალაგი აქვს დათმობილი» (ჭოლა ლომთათიძე). «ეს ის ადგილია, სადაც ჩვენს წინაპრებს, მამის სახლს აუჩენია ბინაო»
და ამ საფლავის ფერხთითა,
ცოლ-ქმრის სამარის ძირითა
უკვდავებისა წყარო დის
ძვირფასი ოქროს მილითა
ამ ადგილს ბულბული უმღერს
საღამოთი და დილითა...
ვაჟა- ფშაველა
ან კი, ამაზე კარგად როგორ იტყვი?
„ უკვდავებისა წყარო დის“...
სწორედ აქ, საფლავის ქვაზე ამოიკითხავთ იმედიან ეპიტაფიას:
....შენი ვარ,... მაცხონე...